“ზურაბიშვილის თამადობით, მიბრძანდნენ და მტკიცებულებები წარადგინონ – გამომძიებელს ვერ მოუყვებიან სიზმრებს” – გურამ მაჭარაშვილი

“პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინონ! ჩვენ არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის თავხედური შეურაცხყოფა ვინმეს გავუტაროთ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია საუბრობდა, რომ არჩევნების გაყალბების შანსი არ არსებობდა.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ აქვთ რაიმე მტკიცებულება, წარმოედგინათ და საზოგადოება ნახავდა, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობდნენ გაყალბებასთან დაკავშირებით.

მათ იმდენჯერ არასწორად და არაარგუმენტირებულად თქვეს, რომ 300 ათასი და 400 ათასი ხმა გაყალბდა, ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება და აგერ ბურთი და მოედანი – ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და წარადგინონ მტკიცებულებები!

გამომძიებელს ვერ მოუყვებიან სიზმრებს, ვერც აღქმებზე ილაპარაკებენ და ვერც იმას იტყვიან, რომ ცესკოს შედეგებზე წნევამ აუწიათ. იქ მტკიცებულებები უნდა მიიტანონ. ამის შემდეგ ნახავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო. ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები