ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი წაუკიდეს – განადგურდა ასობით ბიულეტენი
აშშ-ში, საარჩევნო ყუთებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასობით ბიულეტენი დაიწვა.
როგორც CNN-ი იუწყება, ცეცხლი პორტლენდში, ორეგონის შტატსა და ვანკუვერში, ვაშინგტონის შტატში მდებარე საარჩევნო ყუთებს გაუჩნდა.
პორტლენდში, ბიულეტენების უმეტესობა არ დაზიანებულა, ხოლო ვანკუვერში ასობით ბიულეტენი დაიწვა.
New York Times-ი, სამართალდამცავი ორგანოების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე შემთხვევის ადგილზე მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი, რომელზეც „თავისუფლება ღაზას“ ეწერა.
“ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენი საარჩევნო მუშაკების უსაფრთხოებას და არ მოვითმენთ მუქარას ან ძალადობის აქტებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს. მე მკაცრად ვგმობ ნებისმიერ ტერორისტულ აქტს, რომელიც მიზნად ისახავს ვაშინგტონის შტატში კანონიერი და სამართლიანი არჩევნების ჩაშლას”,- განაცხადა ვაშინგტონის სახელმწიფო მდივანმა, სტივ ჰობსმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. ხმის წინასწარი მიცემა რამდენიმე შტატში უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა დელავერის შტატში უკვე მისცა.