“ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება იყო ქართული არჩევნების აღიარება და ლეგიტიმაცია” – მდინარაძე
“ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება იყო ქართული არჩევნების აღიარება და ლეგიტიმაცია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, გუშინ ორი ნიშანდობლივი განცხადება გაკეთდა.
“მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო გუშინ. ერთი – ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, მეორე – ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას. შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ის იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს, აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ჰელსინკის კომისიის მხრიდან, საკუთარი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტისადმი ასეთი განცხადების საფუძველი. მაშინ, როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ მოვუწოდებთ იგივე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ყველას დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ნათელი მტკიცებულება კი არა, არც ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს. ბნელი მტკიცებულება შეიძლება დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ რაღაც ფეიკებს თუ არაფეიკებს. თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა. თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, ჩვენ აზრზე არ ვართ არავინ საქართველოში, რა ნათელ მტკიცებულებებზეა საუბარი”, – აღნიშნა მდინარაძემ.