მდინარაძე – ოპოზიციას: გნებავთ კომისია გავაკეთოთ და ერთად ჩავიდეთ ყველა უბნამდე, დავიდოთ წინ მასალები და ჩავყვეთ ბოლო ამომრჩევლამდე – ვაი იმის ბრალი, ვინც მტყუანი აღმოჩნდება
“გნებავთ შემობრძანდით, კომისია გავაკეთოთ და ერთად ჩავიდეთ ყველა უბნამდე. თუკი სადმე დეტალში შეიძლება შევძვრეთ, დავიდოთ წინ მასალები და ჩავყვეთ ბოლო ამომრჩევლამდე”,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც არჩევნები გაყალბდა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია შავ დღეში აღმოჩნდა.
“მერე ვინ აღმოჩნდება მტყუანი და მართალი, აგონ პასუხი თავის ყველა სიტყვაზე. ვაი იმის ბრალი, ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება. საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი.
უცებ აღმოჩნდნენ შავ დღეში. პროკურატურაში რომ მივა ადამიანი, ჩვენება ხომ უნდა მისცეს?! უნდა თქვას გაყალბების რა ფაქტები იცის, რეალურად მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან არ გააჩნიათ, მეორე ვარიანტია თქვან, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და გაყალბებაზე არაფერი იციან. ამიტომ არიან შავ დღეში. თუ რამე იციან წავიდნენ და ჩვენება მისცენ. იმ ჩვენებას ვერც ვერავინ შეუცვლით, რასაც იტყვიან ის აღიბეჭდება. მაგრამ ეს არ უნდათ, რადგან გუშინ ერთს ლაპარაკობდნენ, დღეს მეორეს ამბობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.