ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა
ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე ვხედავ, ტრამპის მხარდამჭერები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რის გამოც, ბაიდენს განმარტების გაკეთება მოუწია. მან აღნიშნა, რომ ასე ტრამპის მხარდამჭერთა მიერ პუერტო-რიკოელების მიმართ სიძულვილის რიტორიკა შეაფასა.
„დღეს, მე ნაგავი ვუწოდე სიძულვილის რიტორიკას პუერტო-რიკოელების მიმართ, რომელიც ტრამპის მხარდამჭერმა მიტინგზე წარმოთქვა – ეს ერთადერთი სიტყვაა, რაც შემიძლია ამის შეფასებისას გამოვიყენო“ – დაწერა ბაიდენმა X-ზე.
საკუთარი მხარდამჭერებისთვის „ნაგვის“ წოდებას გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერი ვერ იქნები, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. მისი თქმით, კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა აჩვენეს, რომ ისინი პრეზიდენტობისთვის შეუფერებლები არიან.
“სანამ მე ვაწარმოებ პოზიტიური გადაწყვეტილებების კამპანიას ამერიკის გადასარჩენად, კამალა ჰარისი აწარმოებს სიძულვილის კამპანიას. ის მთელი კვირის განმავლობაში თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მასობრივ მკვლელებს ადარებდა. ახლა კი ეს დაგვირგვინდა იმით, რომ ჯო ბაიდენი ჩვენს მხარდამჭერებს „ნაგავს” უწოდებს. ვერ იქნები ამერიკის ლიდერი, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა აჩვენეს, რომ ორივე შეუფერებელია შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის. მე ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ყველაზე დიდ, ფართო და ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კოალიციას ამერიკის ისტორიაში. მივესალმებით ლათინოსებს, აფრო-ამერიკელებს, აზიელ ამერიკელებს და ყველა რასის, რელიგიის, ფერისა და აღმსარებლობის მოქალაქეებს. ჩემი სურვილია, ვიყო ყველა ადამიანის პრეზიდენტი”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.