“ოპოზიციის მხრიდან საქსტატის მონაცემებით მანიპულირება ქართული საზოგადოების უმძიმესი შეურაცხყოფაა” – მამუკა მდინარაძე
„მინდა, გამოვეხმაურო ოპოზიციის მიერ წარდგენილ რამდენიმე არგუმენტს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მაგალითად, აქვეყნებენ რამდენიმე დასახლების მონაცემს და ამბობენ, როგორ ხდება, რომ საქსტატის მონაცემებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს ადგილზე, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობსო. აღწერის მიზნით, მივიდა ცაგერში მცხოვრებ ოჯახში საქსტატის წარმომადგენელი, დააფიქსირა, რომ ამ ოჯახში ცხოვრობს ორი ადამიანი. თუმცა, ამ ოჯახში ჩაწერილია, ვთქვათ, 10 ადამიანი, შემდეგ ჩავიდნენ დანარჩენები და მისცეს ხმა. შემდეგ გამოდის ნებისმიერი მდაბიო მანიპულატორი და ამბობს, როგორ, ორი ადამიანი ცხოვრობს და ათმა როგორც მისცა ხმაო. ანუ საქსტატის მონაცემები შეესაბამება მაცხოვრებელი, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების“, – განმარტა მდინარაძემ.