კადიროვი: უკრაინული დრონით რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე თავდასხმისას უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინული დრონით რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე თავდასხმისას უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ.

რუსულ მედიაში გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცრაზმელთა უნივერსიტეტის შენობაზე უკრაინული დრონის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს გავრცელდა.

„თავდასხმის შედეგად მსხვერპლი ჩვენს მხარეს არ არის. თუმცა არის მსხვერპლი უკრაინელ ტყვეებს შორის. კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი თავდასხმებით ის, პირველ რიგში, ზიანს აყენებს თავის მოქალაქეებს“, – დაწერა კადიროვმა ტელეგრამ არხზე.

კადიროვს დამადასტურებელი მტკიცებულებები და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა უკრაინული დრონით ჩეჩნეთზე თავდასხმის ფაქტი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, უპილოტო აპარატი დაღესტნიდან ან ინგუშეთიდან გაუშვეს.

მანამდე, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტზე განხორციელდა საჰაერო უპილოტო აპარატით თავდასხმა, დარტყმის შედეგად კი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ცარიელი შენობის სახურავი დაიწვა. იგი აცხადებდა, რომ მსხვერპლი და დაშავებულები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, გუდერმესში კერძო სპეცრაზმის უნივერსიტეტი 2013 წლის აგვისტოში, კადიროვის ინიციატივით გაიხსნა და ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები