ფილადელფიის საოლქო პროკურატურამ ილონ მასკს უჩივლა
აშშ-ის ქალაქ ფილადელფიის საოლქო პროკურატურამ მილიარდერ ილონ მასკს და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ორგანიზაციას, America PAC-ს სასამართლოში უჩივლა,- ამის შესახებ Deutche Welle წერს.
მასკს სასამართლოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ შტატებში 1 მილიონი დოლარის დარიგების გამო უჩივიან.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მასკმა „ლატარიის უკანონო სქემა“ გამოიყენა, ასევე მან კეთილსინდისიერი ვაჭრობის და მომხმარებელთა უფლებები დაარღვია.
America PAC სთავაზობდა ამომრჩევლებს, რომ მისთვის პერსონალური ინფორმაცია მიეწოდებინა და ამის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის მოგების შანსს აძლევდა. ამასთანავე, ლატარიას თან არ ჰქონდა დართული მისი ჩატარების მკაფიო წესები, ხოლო მასკის მიერ გამოცხადებული „შემთხვევითი შერჩევის პრინციპი“ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც ეს ადამიანები პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგებს ესწრებოდნენ.
ილონ მასკმა ლატარიის დაწყების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადა. America PAC-მა ლატარია მერყევ შტატებში – პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ნევადაში, არიზონაში, ვისკონსინში, მიჩიგანში და ჩრდილოეთ კაროლინაში ჩაატარა. სწორედ ამ შტატებში უნდა გადაწყდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი. ლატარიაში მონაწილეობისთვის, ამომრჩეველს ხელი უნდა მოეწერა პეტიციისთვის, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის პირველ და მეორე შესწორებას – სიტყვის თავისუფლებას და იარაღის ტარების უფლებას მხარს უჭერს.
პენსილვანიაში, ლატარიაში გამარჯვებულისთვის 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის გარდა, მასკი პეტიციის თითოეულ ხელმომწერს 100 დოლარს უხდის, ხოლო თუ პეტიციის ხელმომწერი კიდევ ერთ ადამიანს მოაწერინებს მასზე ხელს, დამატებით 47 დოლარს იღებს.