ილია დარჩიაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით
ვიქტორ ორბანის ვიზიტს ბევრი მიმართულებით ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. უნგრეთი ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი დელეგაციის ვიზიტის შესახებ.
„გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით და სწორედ პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც მეტყველებდა ამაზე. მას თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, შესაბამისად, განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები.
უნგრეთი არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ კონტექსტში უნგრეთთან თანამშრომლობას. უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. შესაბამისად, მომავალშიც ყოველთვის გვექნება უნგრეთის მხარდაჭერა, რადგან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ძალისხმევა გაწეული იქნება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.