ზაალ ანჯაფარიძე: “რადგანაც არჩევნებთან დაკავშირებით აქცენტი გამოძიებაზე კეთდება, ე.ი. კოლექტიური დასავლეთი მყარ მტკიცებულებებს ითხოვს იმ ბრალდებებზე, რაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააჟღერეს”
“რადგანაც აქცენტი გამოძიებაზე კეთდება და არა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას არავითარი გამოძიება არ სჭირდება, ეს რას ნიშნავს – კოლექტიური დასავლეთი მყარ მტკიცებულებებს ითხოვს იმ ბრალდებებზე, რაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააჟღერეს”-ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ გამოძიება აჩვენებს, რომ სერიოზული დარღვევა არ მომხდარა, ამერიკელები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებენ.
“საერთაშორისო გამოხმაურებები იყო იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე წინა არჩევნების დროს, ეს უნდა ვაღიაროთ. ეს დიდწილად გამოწვეულია იმ გართულებული ურთიერთობით, რაც საქართველოს კოლექტიურ დასავლეთთან ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვს. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადება, ვგულისხმობ ბლინკენის განცხადებას და შემდეგ მის ტექსტს “ტვიტერზე”, რომ საჭიროა გამოძიების ჩატარება, ნიშნავს იმას, რომ ამერიკელებს, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასთან ხიდების დაწვა ბოლომდე არ სურთ. ისინი სთავაზობენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. იქ ჩამოთვლილი იყო რა ნაბიჯებია ეს: ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონის უკან გაწვევა და ანტი ლგბტ კანონის გაუქმება, უკვე ამის შემდეგ გამოძიება. თუ გამოძიება აჩვენებს, რომ არაფერი ისეთი სერიოზული დარღვევა არ მომხდარა, ვფიქრობ, ამერიკელები ამ არჩევნებს აღიარებენ. რადგანაც აქცენტი გამოძიებაზე კეთდება და არა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას არავითარი გამოძიება არ სჭირდება, ეს რას ნიშნავს – კოლექტიური დასავლეთი მყარ მტკიცებულებებს ითხოვს იმ ბრალდებებზე, რაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააჟღერეს.
თუ მიაქციეთ ყურადღება ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელის გამოსვლას: იყო ზოგადი განცხადებები, რომ იყო დაშინება, მოსყიდვა და ა.შ. მაგრამ დასკვნით გამოსვლაში მისიის ხელმძღვანელმა ასეთი რამ თქვა: კი, ვითვალისწინებთ ადგილობრივი დამკვირვებლების მიგნებებს, მაგრამ ჩვენი მეთოდოლოგია გვაქვს, რომლითაც ვაფასებთ, არჩევნები ვალიდურია, თუ არა, ანუ ასახავდა, თუ არა ამომრჩევლის ნებას. შესაბამისად, ეუთო/ ოდირს, რომელსაც აქ 500-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა, ფართო საშუალება ჰქონდა, სწორედ საკუთარი მეთოდოლოგიით შეემოწმებინა და გადაემოწმებინათ ის, რასაც ადგილზე ხედავდნენ, რასაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობილი სამეული აწვდიდა. ამ სამეულის დასკვნებზე მინდა, ვთქვა ის, რომ ეს დასკვნები ძალიან ზოგადია. საუბარია დაშინებაზე, მოსყიდვაზე, მაგრამ არ სახელდება, რა სიხშირის იყო ეს ყველაფერი, სად, როგორ, რა გარემოებებში მოხდა, ვინ, როგორ მოისყიდა. ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება: რომ კონკრეტული ადამიანები გამოვიდნენ და მიკროფონის წინაშე ილაპარაკონ, ან არსებობდეს ფოტო/ვიდეო დოკუმენტაცია იმისა, რომ ეს რეალურად მოხდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ კაკაფონიას შეუერთდა, ყოველგვარი ფაქტების გარეშე ამტკიცებენ, რომ, თითქოს, უბნებზე მოსყიდვა ხდებოდა და ა.შ. კი ბატონო, ხდებოდა? დადევით მტკიცებულება. ჩემი აზრით, კოლექტიური დასავლეთი სწორედ ასეთ მტკიცებულებებს ელოდება. იქ სხვანაირად აზროვნებენ, ვიდრე ჩვენი ადგილობრივი მედასავლეთეები. მათ სურთ, მყარი მტკიცებულებები მიიღონ და არჩევნების აღიარება/არაღიარებასთან დაკავშირებით უკვე ამის საფუძველზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები”- განაცხადა ანჯაფარიძემ.