შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მხარდამჭერები ვერ ხვდებიან საერთოდ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

“ოპოზიციამ ქარტიას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც საქართველოში მარიონეტული რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს ე.წ. ტექნიკური მთავრობის სახით, რომელიც იმოქმედებს უცხოეთიდან მიღებული მითითებებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები ვერ ხვდებიან საერთოდ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა.

„მათი გუშინდელი განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო არის ბანანის რესპუბლიკა, ჩვენ არ გვეკუთვნის და არ ვიმსახურებთ არანაირ სუვერენიტეტს, ჩვენ ჩვენს საქმეებს ვერ გადავწყვეტთ, უნდა ჩამოგვივიდნენ უცხოელი დეიდები და ბიძიები, მათ უნდა ჩაგვიტარონ არჩევნები, ისინი უნდა იყვნენ მართლმსაჯულებაში, მთავრობა მათ უნდა დაგვიკომპლექტონ და შიგნით უნდა იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რასაც ჩვენ ვამბობდით წინასაარჩევნოდ, პოსტსაარჩევნოდ ადასტურებენ ისინი, რომ სინამდვილეში საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე და ბანანის რესპუბლიკად გამოცხადებაზე საუბრობენ. სამიათასწლოვან სახელმწიფოს აყენებენ შეურაცხყოფას.

ეს არის გაუქმება საქართველოს ისტორიისა. მთელი პრობლემა ამ ფსევდორელიგიისა, რომელშიც იმყოფება ეს ოპოზიცია, არის ის, რომ ჰყავთ საკუთარი ფსევდო მრევლი, რომელიც ამ იდეალებს იზიარებს. ეს ხალხი ვერ ხვდება საერთოდ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. თავისუფლებაო მაისურებზე იწერენ და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას აბარებენ სხვებს, რადგან ჰგონიათ, რომ ჩვენი საზოგადოება არის უუნარო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები