კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში მდებარე სპეცრაზმის უნივერსიტეტზე დრონით თავდასხმა მოხდა
ჩეჩნეთში, რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, – ამის შესახებ რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.
“დღეს დილის 06:30 საათზე გუდერმესში, უპილოტო საჰაერო თავდასხმის შედეგად, რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცარიელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა“, – წერს კადიროვი.
მისი განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი მალევე ლიკვიდირებული იყო.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, გამომძიებლები აწარმოებენ გამოძიებას, რომლის დროსაც დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მოხდება.
„რუსეთის საქმიანობა არ შეჩერებულა, ყველა სერვისი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, – დასძინა კადიროვმა.
ცნობისთვის, რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი მდებარეობს გუდერმესში და წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს, იგი შედგება 95 შენობა-ნაგებობისგან, რომელიც აღჭურვილია უახლესი სპეციალური საინფორმაციო ტექნოლოგიებით.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმის შესახებ პირველად იუწყება.