მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ხვალ შეაფასებს
ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს ხვალ შეაფასებს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის.
კომისია თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გარკვეული პროგრესი არსებობს, თუმცა ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევის შესახებ რეკომენდაციას ოფიციალურად არ გასცემს.
ასევე ევროკომისია არ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„გუშინ პრესსპიკერმა მოუწოდა თბილისის ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის მოგვარების გზები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია“, – წერს The Financial Times-ი.