ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ჰერჩინსკიზე: მე არ ვიცნობ ევროკავშირის ყველა ელჩს მსოფლიოში, როდესაც ვნახე მისი ვიდეო, ვიფიქრე რომ ოპოზიციის პროპაგანდისტი იყო, როდესაც მითხრეს რომ ის ევროკავშირის ელჩია, ძალიან გაკვირვებული დავრჩი

მე არ ვიცნობ ევროკავშირის ყველა ელჩს მსოფლიოში. როდესაც ვნახე მისი ვიდეო, ვიფიქრე რომ ოპოზიციის პროპაგანდისტი იყო, როდესაც მითხრეს რომ ის ევროკავშირის ელჩია, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, – განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ საუბარში.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ელჩი ამბობს, რომ ოპოზიციის აქცია იყო არაჩვეულებრივი.

„მე არ ვიცნობ ევროკავშირის ყველა ელჩს მსოფლიოში. მე როდესაც ვნახე მისი ვიდეო ვიფიქრე რომ ოპოზიციის პროპაგანდისტი იყო, რადგან ის საუბრობდა როგორც ოპოზიციის პროპაგანდისტი. როდესაც მითხრეს რომ ის ევროკავშირის ელჩია, გულწრფელად რომ გითხრათ ძალიან გაკვირვებული დავრჩი. მე ვფიქრობ რომ ევროკავშირის როლი არაა ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში. როდესაც ელჩი ამბობს, რომ ოპოზიციის აქცია იყო არაჩვეულებრივი, რომ ევროკავშირის ბევრი დროშა ნახა, დაინახა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა – ეს გულწრფელად გეტყვით არ მომეწონა, არ ვიგრძენი თავი კარგად როგორც ევროპარლამენტის წევრმა. ვიმეორებ, ჩვენ უნდა პატივი ვცეთ დემოკრატიას, პატივი უნდა ვცეთ ხალხს. ვგრძნობ, რომ ევროპარლამენტში ბევრს არ აქვს კარგი დამოკიდებულება”, -განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.

მან მოლდოვაში გამართულ რეფერენდუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ევროკავშირის მომხრეებმა უცხოეთში მცხოვრები მოლდოველების ხმებით მოიგეს.

„გასულ კვირას მოლდოვაში იყო რეფერენდუმი და მცირე პროცენტით მოიგეს ევროკავშირის მომხრეებმა. დავხედოთ შედეგებს დეტალურად, მოლდოველებმა ვინც მოლდოვაში ცხოვრობენ ევროკავშირს უთხრეს არა და ეს იყო ხალხის 55 პროცენტის არჩევანი. რეალურად, ეს რეფერენდუმი ევროკავშირის მომხრეებმა მოიგეს უცხოეთში მცხოვრები მოლდოველების ხმებით. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცოტა პანიკაში არიან ევროკავშირში”, – განაცხადა ტიერი მარიანმა.

მისი შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ საქართველო მოლდოვას გზას უნდა მიჰყვეს, სასაცილოა, რადგან მოლდოვაში მცხოვრებმა მოლდოველებმა ევროკავშირზე უარი თქვეს.

ფრანგი ევროპარლამენტარი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩი არ არის უცხოეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის კოლონიის ადმინისტრატორი.

„მე ვიმეორებ, ელჩის მოვალეობა ჩარევა არაა. ის არაა უცხოეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის კოლონიის ადმინისტრატორი. დიპლომატის მხრიდან როგორც წესი ნორმალურია განცხადება დემოკრატიის პრინციპების დაცვაზე. მაგალითად, მე ვნახე, რომ ოპოზიციას შეუძლია თავისუფლად გამართოს აქცია ქუჩებში და ეს პოზიტიურია. თუმცა იმის თქმა, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს ოპოზიციის აქციას ან იმის თქმა თუ რა კარგი იყო და რა საოცარი შეგრძნებები აღმიძრა გულში – ბოდიში, მაგრამ ეს არ არის დამკვირვებლის როლი, ეს არის პროპაგანდისტობა”, – აცხადებს ტირერი მარიანი.

მან „ქრონიკასთან“ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის რა დონეზეა ურთიერთობა, ამას არ საზღვრავს ქართველი ხალხის არჩევანი და არც ბრიუსელში ვიღაც ტექნოკრატის გადაწყვეტილება რომ ურთიერთობა დაბალ დონეზეა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაგრძელდება იმის მიუხედავად, თუ რა იქნება ევროპარლამენტის ან ქართველი ხალხის არჩევანი. მე ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან ისიც კი მოვისმინე, რომ თუ ქართველი ხალხის არჩევანი არ იქნება სწორი , თუკი არჩევანი არ იქნება ოპოზიცია მაშინ უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ მაგალითად უვიზო რეჟიმზე. ბოდიში, მაგრამ უკრაინასთან ომის მიუხედავად ევროკავშირის ბევრი წარმომადგენელი რუსებისთვის ვიზების მიცემას განაგრძობს.

ამიტომ მიმაჩნია რომ მსგავსი სახის განცხადება კორექტული არაა. მაგალითად საფრანგეთში რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა ელჩს, მაშინ ვფიქრობ საფრანგეთის მთავრობის რეაქცია ძლიერი იქნებოდა, რადგან ეს აშკარა ჩარევაა. ეს იგივეა მაგალითად რასაც დავუშვათ სოროსის აკეთებდა. არჩევნები მალეა და მე ვფიქრობ ხალხი გააკეთებს არჩევანს, გადაწყვეტს მომავალს . ვფიქრობ მიამიტები არ არიან. ზეწოლა მიუღებელია რუსეთიდან და ზეწოლა მიუღებელია ბრიუსელიდან . ქართველებმა არჩევნებზე თავისუფლად უნდა დააფიქსირონ აზრი და გააკეთონ არჩევანი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, თუ რას სურს ბრიუსელს ან მოსკოვს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები