„ქუინსი ინსტიტუტი“: ქართული კანონის რუსულთან მიბმა პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ათობით ქვეყანას ევროპაში მსგავსი ტიპის კანონები უკვე მიღებული აქვთ, ევროკავშირიც კი განიხილავს ასეთი კანონმდებლობის შემუშავებას

2024 წლის 17 ოქტომბერს, ვაშინგტონში განთავსებულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტმა“ საქართველოს შესახებ პოლიტიკური ხედვის დოკუმენტი (policy brief) გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს.

ავტორთა თქმით, კანონის ირგვლივ აგორებულ ნეგატიურ კამპანიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითამაშეს.

მათი მტკიცებით, აღნიშნულ NGO-ებს მჭიდრო კავშირები აქვთ დასავლეთის ცალკეულ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მქონე აქტორებთან.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, საქართველოში მიღებული კანონი რუსულად წარმოაჩინოს, ქართული კანონი რუსულის მსგავსად არ ფუნქციონირებს.

რუსეთში არსებული კანონი უკიდურესად რეპრესიულია, სცდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფარვის არეალს და მოიცავს ნებისმიერ პირსა თუ ორგანიზაციას; ასევე, ამოქმედებისთვის არ სჭირდება საზღვარგარეთიდან დაფინანსების საფუძველი.

ამასთან, აღსრულების მექანიზმები სამოქალაქო უფლებების უმკაცრეს შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„ქართული კანონის ექსკლუზიურად რუსულთან მიბმა პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ათობით ქვეყანას ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილში, მსგავსი ტიპის კანონები უკვე მიღებული აქვთ. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს ევროკავშირიც კი განიხილავს ასეთი კანონმდებლობის შემუშავებას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ავტორები მთავრობის მოტივაციასაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღო გამჭვირვალობის კანონი. აღნიშნავენ, რომ ამის გასაგებად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა როლს ასრულებდა წლების განმავლობაში დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. NGO-სექტორი საქართველოში უპირატესად დასავლეთიდან იღებს დაფინანსებას. დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი, რომელიც საერთაშორისო დონორების გავლით შემოედინება, პირდაპირ დაკავშირებულია ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო რესურსების სიმწირისა და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში შემოღებული ნეოლიბერალური მიდგომების გამო, ბევრი რამ, რაც ნორმალურ ვითარებაში სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა გაეკეთებინათ ქვეყანაში, NGO-ბის საშუალებით განხორციელდა. შედეგად, ქვეყანაში კარგად დაფინანსებული NGO სექტორი ჩამოყალიბდა, რომელიც ეკონომიკურად შედარებით ძლიერი, პროფესიული ფენების ინტერესებს ემსახურება. ამასთან, NGO-ებთან დაკავშირებულ ექსპერტებს გადამეტებული გავლენა აქვთ დასავლურ მედიასა და მთავრობებზე, რაც შესაბამისად აისახება საქართველოსთან მიმართებით აღქმის ჩამოყალიბებაზე. „ძალიან ხშირად, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ფიგურები კრიტიკული შეფასების გარეშე ეყრდნობიან დასავლური კვლევითი ინსტიტუტებიდან და ქართული NGO-ებიდან მიღებულ ინფორმაციას.

კიდევ ერთი პრობლემა NGO-ების მიმართ ქართული საზოგადოების დაბალი ნდობაა, რაც გამოწვეულია ინტერესების თანხვედრის ნაკლებობით. ერთ მხარეს არის ის, თუ რა აწუხებს რეალურად ხალხს, ხოლო მეორე მხარეს, რა თემებზე მუშაობენ NGO-ები,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

მმართველ პარტიასა და NGO-ებს შორის არსებული დაპირისპირების მთავარ მიზეზად, ინსტიტუტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასახელებს, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ფუნქციას ასრულებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაერთმა წევრმა გადაინაცვლა არასამთავრობო სექტორში და არაერთი NGO გამოდის მთავრობის დამხობის მოწოდებებით. სულ მცირე რამდენიმე მათგანი ევროკავშირის და აშშ-ს გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება. მათ შორის მოძრაობა „სირცხვილია“ და აქტივისტების ჯგუფი, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის დამხობაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ არასამთავრობოების ნაწილსა და მთავრობას შორის გაღვივებული რადიკალიზაციის რეჟიმი სათავეს 2012 წლიდან იღებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ძალაუფლება დაკარგეს და უმალვე დაიწყეს ამერიკის კონგრესსა და ევროპარლამენტში საკუთარი მომხრეების მობილიზება.

მათი თქმით, ამის შედეგად დასავლეთი NGO-ებთან დაკავშირებული ოპოზიციის მხარეს გადაიხარა, რაც ხელს უშლის აღნიშნულ ვითარებაში დაბალანსებული გამოსავლის პოვნას.

საქართველოს შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაზე ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მკვლევრებმა, ანატოლ ლივენმა, არტინ დერსიმონიანმა და ალმუტ როჩოვანსკიმ იმუსავეს. მომზადების პროცესში მკვლევართა ჯგუფი 2024 წლის ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა. „ქუინსი ინსტიტუტი“ 2019 წელს, ვაშინგტონში დაფუძნდა.

ინსტიტუტის საქმიანობა დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კვლევასა და ანალიზთან. ბოლო პერიოდში ინსტიტუტი აქტიურად ინტერესდება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები