გიორგი ცუცქირიძე: მოლდოვაში არჩევნების შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, წინასწარი პროგნოზებით, ევროპულ არჩევანს მოსახლეობის 80% უჭერდა მხარს, არც პრეზიდენტ სანდუს უნდა დასჭირვებოდა მეორე ტური

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, არჩევნების შედეგები ბევრისათვის მოულოდნელი იყო, რადგან წინასწარი პროგნოზებით, ევროპულ არჩევანს მოსახლეობის 80 % უჭერდა მხარს და არც პრეზიდენტ სანდუს უნდა დასჭირვებოდა მეორე ტური.

„მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ევროპული არჩევანის საკითხიც გადიოდა, ძირითადად რუსეთის ჩარევაზე ხდება აქცენტების გადატანა და ნაკლებად იმ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ასეთი მაღალი ევროსკეპტიციზმი. არჩევნების შედეგები იყო ბევრისათვის მოულოდნელიც, წინასწარი პროგნოზებით, ევროპულ არჩევანს მოსახლეობის 80% უჭერდა მხარს, და არც პრეზიდენტ სანდუს უნდა დასჭირვებოდა მეორე ტური. მით უმეტეს, როდესაც მოლდოვას ჰყავს ასე გაპიარებული პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ და მთავრობასაც წესით არც არაფერი უნდა დაეწუნებოდეს. გარდა ამისა, მოლდოვამ ბოლო ორი წლის მანძილზე უკრაინასთან ერთად მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც და გაწევრიანების ფანჯარაც გაეხსნა. ვფიქრობ, მოლდოვას მაგალითი ჩვენთვისაც საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან გარკვეულ მსგავსებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოყენებულ კოალიციური თუ ტექნიკური მთავრობის ფორმატთანაც ჰპოვებს.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად ერთი შეხედვით არც თუ ურიგო ევროპერსპექტივისა, მოლდოვას უკვე გამოეყო ევროპული დახმარების 1.8 მილიარდ ევროიანი პაკეტიც, თავად მმართველობის იმ პარადიგმაშია საძიებელი, რასაც განსაკუთრებით 2022 წლიდან სანდუს მთავრობა ახორციელებს.

შედარებითი ანალიზისათვის თუ ამოვალთ იმ ცნობილი პარადიგმიდან, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობას დიდწილად კორუფციის დაბალი დონე განსაზღვრავს, საინტერესო სურათს იძლევა მოლდოვას კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი. ეს ინდიკატორი ქვეყნებს აფასებს 0-100 ქულით, 2023 წელს წლის საშუალო მაჩვენებელი 180 ქვეყანაში იყო 45 ქულა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ანუ ყველაზე დაბალი კორუფციის დონე დანიაში იყო: 100 ქულა, ყველაზე დაბალი ანუ ზე მაღალი კორუფცია კი ჩრდილოეთ კორეაში: 2 ქულა.

თვალსაჩინოებისათვის, ევროპულ გზაზე შემდგარი მოლდოვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კორუფციის ქვეყნებში გადის, 36 ქულით 113-ე ადგილზეა, და ამ მაჩვენებლით არა თუ ევროპულ ქვეყნებთან, არამედ ყველაზე ახლოს რუსეთთან დგას, რომელიც თავის მხრივ, 28 ქულით 135-ე ადგილზეა.

შედარებისათვის საქართველო, რომელსაც მოლდოვასგან განსხვავებით ევროპული გზა და რეფორმები დაუწუნეს, ხოლო ახლა ბრალად დემოკრატიისგან უკუსვლას თუ რუსულ ინტერესს ედავებიან, 63 ქულით მსოფლიოს წამყვან 40 ქვეყანაში გადის და 38 ადგილზეა, ისრაელის დონეზე და ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილსაც. მაგ. ჩეხეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას და ბულგარეთს.

კორუფციის მაღალი დონე და არაეფექტური მმართველობა გარეგანი „ბრწყინვალების“ მიუხედავად ყველაზე კარგად ეკონომიკურ პარამეტრებში მოჩანს.

გაზრდილი ევროსკეპტიციზმის და სანდუს კაბინეტის რეიტინგის ვარდნის მიზეზი გარდა პოლიტიკურისა, არანაკლებად ეკონომიკური ფაქტორია. მოლდოვას, რომელიც შეუერთდა რა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ეკონომიკური ზრდა 2022 წელს იყო უარყოფით მაჩვენებელში – 4.8%, 2023 წელს ძალზე დაბალ  1.03% ზრდაში აისახა, ხოლო 2024 წლის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ასევე დაბალ 2.6% ზრდაშია ნავარაუდები. შედარებისათვის საქართველოს 2022 წელს ჰქონდა 10.96%, 2023 წელს 7.5, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზი მინიმუმ 8.5% იქნება.

თავში ნახსენები ქართული პერსპექტივა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შემთხვევით არ მომიყვანია, და დიდი ალბათობით, მოლდოვას გზას გაიზიარებს“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები