“ერთ-ერთი პირველი, რასაც ახლად მოწვეული პარლამენტი გააკეთებს, იქნება ის, რომ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე” – გიორგი კახიანი

“კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი არის 9 სხვადასხვა ეპიზოდი, როდესაც პრეზიდენტი იმავე საფუძვლით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე უთხრა მას, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, არღვევს ისევ კონსტიტუციას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი კახიანი აცხადებს.

მისი თქმით, ეს არის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არღვევს იმ თვალსაზრისით, რომ ის მთავრობის თანხმობის გარეშე სხვადასხვა ვიზიტებს ახორციელებს.

“ეს არის პრეზიდენტის მონაწილეობა სხვადასხვა სამიტებში, შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებთან – ყველაფერი ეს შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული. მოლოდინიც იგივეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. ერთ-ერთი პირველი, რასაც ახლად მოწვეული პარლამენტი გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის სახით უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

ისედაც, დიდი დრო არ დარჩენია საპრეზიდენტო უფლებამოსილების, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ექნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი დატვირთვაც”, – აცხადებს კახიანი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავს. თემაზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები