მამუკა მდინარაძე: აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები განიხილავენ არჩევნების დისკრედიტაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს, ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებასაც კი

დამატებით შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას, რომ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, ჩვენი ინფორმაციით, ასევე განიხილავენ არჩევნების დისკრედიტაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს, მათ შორის, მაგალითისათვის ჩამოგითვლით რამდენიმეს, რომ ფრთხილად იყოს საზოგადოება, განსაკუთრებით დამკვირვებლები იქნებიან, კომისიის წევრები თუ სხვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ, ოპოზიცია არჩევნების დისკრედიტაციისთვის აპირებს ისეთი გზების გამოყენებას, როგორიცაა: „ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერა, ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა, პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა მასიურად, საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა, განიხილავენ ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებასაც კი, ე.წ. კარუსელების იმიტაცია, ბიულეტენების მოპარვა და გადაყრა, თითქოს ქუჩაში ადამიანები პოულობენ ბიულეტენებს, რომლებიც კარუსელისთვის იყო განკუთვნილი, რამდენიმე ადამიანის მხრიდან მცდელობა, რომ უბნებზე შევიდნენ მეორედ და ამაზე შეგნებულად ხმაურის ატეხვა, ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობა და ამაზეც ხმაურის ატეხვა, საჯაროდ დემონსტრირება ისეთი ფოტოების, დაიმახსოვრეთ, ალბათ, შეგვხვდება ეს ამბები – სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღებით კონტროლით, ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა, ასევე ფოტოების გავრცელება, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, შემდეგ კი გადახაზული, რითაც სოციალურ ქსელებში შეეცდებიან აღქმა შექმნან, რომ ხდება ხმის მიცემის დაძალება და ამით გამოწვეული პროტესტის დემონსტრირება, საკუთარი ხელით გადაკეცილი ბიულეტენების გადაღება, რომ თითქოს კონტროლდება ვინ ვის მისცა ხმა.“

მისივე თქმით, ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია აგენტურული ოპოზიციის იმ გეგმების, რაც, მათი ვარაუდით, არჩევნების არალეგიტიმურობის კამპანიას უკავშირდება.

„ეს არ არის რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი, ეს ძალიან მცირე და არასრული ჩამონათვალია იმ ყალბი გეგმების, რასაც ნაც-აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები აპირებენ არჩევნების არალეგიტიმურობის კამპანიასთან დაკავშირებით”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები