მამუკა მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე დააშანტაჟონ ან სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები

გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე საქართველოს მასშტაბით დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები, რათა ისინი ჩაითრიონ თუნდაც ელემენტარულ საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

როგორც მდინარაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ოპოზიციის გეგმაა, აღნიშნული საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციები ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა გადაიღონ და შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებში უხეში ჩარევის შესახებ.

„მათი გეგმის მიხედვით, აგენტურული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები ე.წ. „გამწვანებული მოქმედებების“ შესახებ, უნდა გადაიღონ ეს დარღვევა და საბოლოო ჯამში, ეცდებიან, რამდენიმე ასეთი ვიდეოკადრით შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებში უხეში ინტერვენციის შესახებ.
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის და კომისიების ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში.
არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები