ბიძინა ივანიშვილი: ამაყი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას

კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მკვლელობა, წამება, ქონების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ივანიშვილის განცხადებით, აჭარა წინა ხელისუფლებამ საკუთარ სათამაშო ქვიშის მოედნად აქცია, ხოლო, მოსახლეობას აზრს არაფერში ეკითხებოდნენ. მისივე თქმით, პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მისი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი.

„ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად იგრძნობოდა აჭარაში, ამ დალოცვილ კუთხეში, რომელიც წინა ხელისუფლებამ საკუთარ სათამაშო ქვიშის მოედნად აქცია – საჯაროდ აცხადებდნენ, რომ აჭარასა და აჭარლებზე ზრუნავდნენ, რეალურად კი საკუთარ ბიზნეს ინტერესს ატარებდნენ და აზრს არაფერში გეკითხებოდნენ, თქვენგან მხოლოდ თავის დახრას და მორჩილებას მოითხოვდნენ. მთელი აჭარა საკუთრებად გაიხადეს და გიკრძალავდნენ, რომ ამაზე რეაქცია გქონოდათ.

12 წლის წინ დაგპირდით, რომ თქვენი ნდობის შემთხვევაში, ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებდით წართმეულ ღირსებას, რადგან მიგვაჩნდა და დღესაც იმავე რწმენით ვართ, რომ პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მისი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი“,  –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში მმართველმა გუნდმა ააშენა ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ხალხს ემსახურება და სახელმწიფო ინსტიტუციები პროფესიონალურად ასრულებენ მოვალეობას.

„ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას; ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს  ღირსეულად შეუძლია ცხოვრება განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ქვეყანა, სადაც  აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო – მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს; ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები