იონათამიშვილი – მიხაელ როთზე: რადიკალურ ოპოზიციას ჰგონია, რომ ეს ადამიანი მათთვის მაშველი რგოლია

“ბუნდესტაგში ხდება რეზოლუციის განხილვა და ამ რეზოლუციის ავტორი ბატონი [მიხაელ] როთია, რომელიც პერმანენტულად ჩამოდის საქართველოში და ხან ქართველ ხალხს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ხან ეკლესიას. რადიკალურ ოპოზიციას ჰგონია, რომ ეს ადამიანი მათთვის მაშველი რგოლია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ლუსტრაცია ხდება იმის, რომ ოპოზიცია ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი.

“ნებისმიერი ღირსეული, სუვერენული პოლიტიკური პარტიის მთავარი მოკავშირე საკუთარი ამომრჩეველია, რომელიც მას ანიჭებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენელი იყოს ხელისუფლებაში. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი ამომრჩეველი და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული.

რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, იცით რომ პრემიერის მიერ იყო წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა, სადაც დიდი ადგილი ეკავა საგარეო პოლიტიკას და ვფიქრობ, ამ მხრივ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იყო თითოეული პუნქტის გაცნობა. იგივე ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ევროკავშირთან; ასევე უმნიშვნელოვანესია ის ეკონომიკურ-პოლიტიკური პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ცხადია, დღეს არის გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ მიანიჭებს ძალიან მაღალ ლეგიტიმაციას, რომ წარმოადგინოს ქართველი ხალხი და საქართველო ყველგან, ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და ვიმედოვნებთ ასევე, რომ ის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, გაისად უკვე დასრულდება და ამ მხრივ შეიცვლება ყველაფერი, მათ შორის საქართველოსადმი ინტერესი. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს აღიარება ჩვენი ხალხის უზენაესი ნების და გადაწყვეტილების, რომელიც 26 ოქტომბერს დადგება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები