მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ხელოვნების მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენები გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ შენობაში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მუდმივმოქმედი გამოფენები ამოქმედდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენებზე წარმოდგენილი ექსპონატების დიდი ნაწილი აქამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი და მათ საზოგადოება პირველად იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენები შალვა ამირანაშვილის 125 წლის იუბილეს აღსანიშნავად მზადდებოდა.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზებში წარმოდგენილია მუზეუმის კოლექციების სამი დიდი ექსპოზიცია: „შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“;

„ქართული ხელოვნება. 1900-1930“ და „პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე“.

გამოფენები კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ბაღათურიამ ხელოვნების მუზეუმის დირექტორ ნიკა ახალბედაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გამოფენაზე – „შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“ – წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების ქვაზე კვეთილობის ნიმუშები, რომლებიც ფიგურული გამოსახულებებისა თუ ორნამენტული დეკორის სახით ამკობდა ქრისტიანული ტაძრების ფასადებსა და ინტერიერებს.

„ქართული ხელოვნება 1900-1930“ მიზნად ისახავს, საზოგადოებას წარუდგინოს ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც აყალიბებს მხატვრული ინოვაციებისა და კულტურული ტრანსფორმაციის ეპოქას. თხრობა იწყება ნიკო ფიროსმანის ბრწყინვალე ნამუშევრებით, რომლებსაც გადავყავართ ფიროსმანის სამყაროში. ამ პერიოდის ქართული ხელოვნების განვითარების სურათს ქმნის გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, დიმიტრი შევარდნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებიც. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია დიდი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის, ქანდაკება – „აბსტრაქტული ფორმა“ (თითბერი), რომელიც რეკონსტრუირებულია მოქანდაკე რეზო ხასიას მიერ.

გამოფენა – „პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე“ – გვაცნობს ევროპული ხელოვნების შთამბეჭდავ ევოლუციას XIV საუკუნიდან XX საუკუნის 1930-იან წლებამდე. ქრონოლოგიურად წარმოდგენილი ექსპოზიცია, გავლენიან სამხატვრო სკოლებსა და ისტორიულ ცენტრებთან ერთად, წარმოაჩენს სტილის, ტექნიკის, ჟანრებისა და თემების ცვლილებებს, რომლებმაც განაპირობა სხვადასხვა ეპოქაში ევროპული ხელოვნების ფორმირება. გამოფენაზე წარმოდგენილია პაოლო ვენეციანოს, ბერნარდო დადის, ლუკას კრანახ უფროსის, გვიდო რენის, ჟაკ ლუი დავიდი ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი უნივერსალური კონცეფციის შესაბამისად, გამოფენა მეტად ხელმისაწვდომი გახდა უსინათლო და მცირედ მხედველი დამთვალიერებლებისთვის. ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს განაპირობებს ინკლუზიური ტიპის დაგეგმარება, რომელიც გულისხმობს სივრცის ადაპტირებას. სპეციალურად ახალი ექსპოზიციისთვის შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევრების ტაქტილური რელიეფური ასლები (ნიკო ფიროსმანის „აქიმი ვირზე“ და დავით კაკაბაძის „იმერეთი – დედაჩემი“). ეს საქართველოში გამოფენაზე ამ სახის ობიექტების დამატების პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილ 18 ნამუშევარს ახლავს აუდიოაღწერა. ექსპონატთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობდა ორგანიზაცია „მარიანი“.

შეგახსენებთ: მუზეუმის ე. წ. მეორე კორპუსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა. სრულად განახლდა 6 000 კვ.მ ფართობის სივრცე, სადაც განთავსდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები. 2023 წელს შენობაში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. 542 კვ. მ ფართობის სივრცეში მოწყობილი საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

საქართველოში აქამდე მსგავსი შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. წელს მუზეუმის მეორე კორპუსის განახლებულმა საკონფერენციო სივრცემ უმასპინძლა დიდი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის, შალვა ამირანაშვილის, 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. 26-27 მარტს გამართულ კონფერენციებზე მუზეუმის თანამშრომლებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს.

ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის შესასვლელთან საზეიმოდ გაიხსნა შალვა ამირანაშვილის ბიუსტი. გარდა ამისა, 2024 წელს შენობის განახლებულ საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ლევან ლაღიძის მასშტაბური რეტროსპექტიული გამოფენა – „ფერწერა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები