“ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი” – გორდულაძე

“არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირაზე ცოტა მეტი და ამ დროს რეზოლუციის მიღება ხდება, სადაც არაფერი არ არის ერთ ფაქტზე დაყრდნობილი მაინც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი

“სხვა არაფერია, თუ არა შიდა საქმეებში ჩარევა, რადგან არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირაზე ცოტა მეტი და ამ დროს, რეზოლუციის მიღება ხდება, სადაც არაფერი არ არის ერთ ფაქტზე დაყრდნობილი მაინც. მაგალითად, საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე – რამდენ რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა?! როგორც საქართველოს, ისე სტრასბურგის სასამართლოსაც არავითარი კითხვის ნიშნები არ აქვს მიხეილ სააკაშვილის არც ბრალთან, არც მსჯავრთან, არც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – და მითითებაა, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. გამოდის, რომ საერთოდ ქვეყანა აღარ გვაქვს – არ არსებობს კონსტიტუცია და კანონები. ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი. ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ თანასწორობაზე”, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც “საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები