ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი ისეთი რამ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

“ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლების აზრის ფორმირებაზე გავლენა იქონიონ, მაგრამ მინდა იმედები გავუცრუო, გარე აქტორების მხრიდან ყოველი ასეთი ტიპის დაშვებული შეცდომა, კიდევ უფრო ზრდის ჩვენს რეიტინგს და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში უამრავი ისეთი ფაქტორია, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ამ რეზოლუციაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი ისეთი რამ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იქ დაწყებულია მაგალითად, ანტი ლგბტ კანონი, რაზეც ამბობენ, რომ ეს გვაშორებს ევროპას. მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაუკავშიროს ვინმემ ევროპული ღირებულებები ლგბტ პროპაგანდას. ეს ჩემთვის ყოლად მიუღებელიც არის და ამოუცნობი ფენომენიც. ამ რეზოლუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვიხილეთ არის, რომ უკვე ღიად, საჯაროდ აცხადებენ იმას, რომ ჩვენ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ. ჩვენ რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, არანაირად დააზიანებს რუსეთის ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი ჩამოიქცევა… მე ვერ ვხვდები, რატომ იზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ასეთი ტიპის ინსტიტუციები ჩვენი მოქალაქეების თვალში, ვინაიდან ყველამ იცის საქართველოში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კრიმინალი. ამ კრიმინალს ასე რომ მოიხსენიებენ, რომ უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და უნდა გავუშვათ, ყველა ხვდება, რომ უსამართლობაა და სხვა ტიპის ინტერესებს ემსახურება. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რამენაირად გავლენა იქონიონ ჩვენი მოქალაქეების აზრის ფორმირებაში, თუ რა გადაწყვეტილება მიიღონ არჩევნების დღეს, მაგრამ მინდა გავუცრუო იმედები, ყოველი ასეთი ტიპის დაშვებული შეცდომა, გარე აქტორების მხრიდან, კიდევ უფრო ზრდის ჩვენს რეიტინგს და “ქართული ოცნების” მიმართ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები