საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ალბომი „გუჩა“ გამოიცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გუჩა კვარაცხელიას ნახატების ალბომის – „გუჩას“ პრეზენტაცია, რომელიც მის დაბადების დღეს მიეძღვნა. ალბომი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.
პრეზენტაციას კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გრიგალაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი, სხვა მეცნიერები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას გამოიფინა გუჩა კვარაცხელიას ნახატები. საღამოს უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნიკოლოზ წულუკიძე. ალბომის დიზაინერია სანდრო ჩხაიძე.
„გუჩა კვარაცხელია (1940-2021) იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1988), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1984-94), საქართველოს განათლების მინისტრი (1992), არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1993-2006), ქართული ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (1995-2005), ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი (1999-2006), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (2005- 2021).
გუჩა კვარაცხელია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ენათმეცნიერების თეორიასა და ისტორიაში, აგრეთვე, მათემატიკურ ლინგვისტიკასა და ენის სტატისტიკური მეთოდებით კვლევის სფეროში. გამოცემულია მისი პოეტური და დრამატურგიული ნაწარმოებების ცხრა კრებული. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
მისი პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სოხუმის დრამატული თეატრების სცენებზე. გუჩა კვარაცხელია დაჯილდოებული იყო მედლით ხუთი შვილის დედობისთვის (1976), საქართველოს საპატრიარქოს სიგელით „ქართველი ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ (2007), ა. შანიძის აკადემიური სახელობითი პრემიით ნაშრომის – „ქართული ენა – ენციკლოპედია“ – რედაქტორობისათვის (2011), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით „ენათმეცნიერების დარგში მიღწეული წარმატებებისათვის” (2014), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრობის დამადასტურებელი სიგელით (2015), საქართველოს ქალთა საბჭოს მედლით „ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის” (2015), ი. ჯავახიშვილის სახელობის მედლით „ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ (2017).
გუჩა კვარაცხელია გატაცებული იყო მხატვრობით. 2010 წელს თბილისის „გალა-გალერეაში“, 2015 წელს კი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენები. 2021 წელს მონაწილეობდა პროექტში „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“. 1970-იან წლებში გუჩა კვარაცხელიამ საქართველოს ტელევიზიაში შექმნა საავტორო გადაცემათა ციკლი „ათი ათასად ზრდილობა“, რომელსაც თავად უძღვებოდა.
ინფორმაციისთვის: პროექტი „გუჩა“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტების“ კონკურსის გამარჯვებულია. ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წიგნ-ალბომი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგში““, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.