“შავი არქეოლოგიის” , ვანდალიზმის, ტაძრების თეთრად, რუსულ ყაიდაზე გადაღებვის ფაქტები” – ირაკლი მამალაძე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს
“ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მიტოვებულია, ზოგჯერ ვანდალიზმის ფაქტები ხდება” – ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენელმა, ირაკლი მამალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციის აქტივისტმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ოცამდე ძეგლი გადაიღო. როგორც მამალაძემ აღნიშნა, მდგომარეობა სავალალო, უმძიმესია.
“დღეს ძალიან მძიმე დღეა, სოხუმის დაცემის დღე. ამ დღიდან 31 წელი გავიდა. ჩვენმა ორგანიზაციამ “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის – საყდრისის კომიტეტმა” გასულ წელს აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა, დასურათება დაიწყო იმ მიზნით, რომ გაგვეგო, თუ რა მდგომარეობაა ამ დროისთვის იქ არსებულ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენმა აქტივისტმა აფხაზეთის ტერიტორიაზე , სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში , სხვადასხვა რაიონში, მათ შორის გალის რაიონში ოცამდე ძეგლი გადაიღო . რა თქმა უნდა, მდგომარეობა სავალალო, უმძიმესია. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მიტოვებულია, ზოგჯერ ბედის ანაბარად, ზოგჯერ ვანდალიზმის ფაქტები ხდება, იცით, რომ არაერთი ტაძარი თეთრად, რუსულ ყაიდაზე გადაიღება, ფაქტობრივად, ქართული კვალი წაშლილია. ასევე არსებობს ტაძრები, ძეგლები, სადაც ქართული წარწერები არსებობდა და ამ კვალის წაშლა მიზანმიმართულად მოხდა.
კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე ტაძარზე, რომელიც, თითქოს, გადარჩენილია, თავის ავთენტური იერსახე შენარჩუნებული აქვს ( მოქვის მონასტერი, ბედიის ტაძარი), გაურკვეველი სარემონტო სამუშაოებია დაწყებული, ხარაჩოებია, თითქოს რაღაც მომენტს ელოდებიან, რაღაც მითითებას, რომ იქაც, ძეგლზე უხეში ჩარევა დაიწყოს , მისი გადაღებვა, ან უბრალოდ კვალის წაშლა მოხდეს. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა დრანდის მეექვსე საუკუნის ტაძარში, რომელსაც ჩვენი ისტორიკოსები და არქეოლოგები ჯვრის მონასტერს ადარებდნენ , ამბობდნენ, რომ ერთგვარად ჯვრის მონასტრის ვარიაცია იყო. იქაც უხეში ჩარევა , ამ ძეგლის რაღაც დონეზე გადაღებვა მოხდა. ბოლო ვანდალიზმის ფაქტი ოჩამჩირის რაიონში მოხდა . იყო “შავი არქეოლოგია”, გადაითხარა ტერიტორია, კერძოდ მერკულის ნაქალაქარი” – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე თქმით, თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, საბოლოოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ძეგლი განადგურდება.
“ჩვენი კვლევა ძალიან საინტერესოა, ის არაერთ ორგანიზაციას მივაწოდეთ, სახელმწიფო ორგანიზაციებს , პრეზიდენტის ადმინისტრაციას , თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით საგნობრივი მსჯელობა არ ყოფილა. ჩვენ ჰუმანიტარული მიზანი გვქონდა . დნესტრისპირეთში შესაძლებელი გახდა, გაეროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით კოშკი გადარჩენილიყო, პროცესში მონაწილეობა კონფლიქტის ორივე მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს. იგივე შეიძლებოდა, განხორციელებულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამ პროცესში ყველა მხარე ჩართულიყო, აღდგენილიყო რომელიმე ძეგლი, რომელიც ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ხომ მხოლოდ ქართული საგანძური არ არის, ეს ყველას ეკუთვნის, მისი გადარჩენა ყველას ევალება. ველოდებით, რომ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.
თუ ნაბიჯები ორივე მხრიდან არ გადაიდგა, იგივე საერთაშორისო ორგანიზების მხრიდან თუ არ იქნა ჯეროვანი ჩართულობა, ჩვენ იმ შედეგს მივიღებთ, რომ საბოლოოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ძეგლი განადგურდება. მდგომარეობა მართლაც სავალალოა. ურთულესი და ძალიან მძიმე მდგომარეობა არაერთ ძეგლზე გამოვლინდა” – განაცხადა მამალაძემ.