ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების თემაზე, პროკურორების და მოსამართლეების მეორე ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პროკურორებისა და მოსამართლეების მეორე ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყებით ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ფემიციდის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, ფემიციდის დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკული ასპექტები.

“სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი წარადგინა. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებზე.

შეხვედრა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ფემიციდის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მასშტაბური კამპანიის ,,არა ფემიციდის” ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები