პაველ ჰერჩინსკი: მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები

,,მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ევროკავშირის ძირითადი პრინციპები სრულად უნდა დაიცვას.

„იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი – ჩვენ, ევროკავშირი ვაღიარებთ მის შედეგებს და ვიმუშავებთ ყველა მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება.

მთავარი საკითხი არის ის, რომ თუკი საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი სურს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი, ამისთვის, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები ჩვენ სპეციალურად საქართველოსთვის არ შეგვიქმნია, ეს არის პირობები, რომელიც ყველა ქვეყანას ეხება, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე საჭიროა, რომ ძირითადი პრინციპები, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მთლიანად იყოს დაცული. ეს პრინციპები ფართოდაა ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების პატივისცემა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ასე რომ, თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ეს პრინციპები სრულად უნდა იქნას დაცული“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები