გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესისთვის ჩვენთან შექმნილია ისეთი მოდელი, რომელიც დაცულია კიბერსაფრთხეებიდან

“ჩვენი საინფორმაციო კამპანიები კიდევ გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობის სახით იქნება წარმოდგენილი”,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, იმის ილუზია და მოლოდინი არავის აქვს, რომ ამ ინფორმაციას სამ მილიონ ნახევრამდე ამომრჩეველთან მივიტანთ. ამის მოლოდინი არც ჩართულ მხარეებს არ აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკებზე, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის არარსებობას, გათვალისწინებული გვაქვს მთელი რიგი პრევენციული მექანიზმები. თუ მაგალითად, ამომრჩეველმა არ უყურა ტელევიზიას, არ მოუსმინა რადიოს, არ იყენებს სოციალურ ქსელებს, არ მოხვდა არცერთ ჩვენს საჯარო შეხვედრაში, არჩევნების პერიოდში დარიგდება სპეციალური ბროშურები და თუ ვთქვათ, სახლში ვერ იქნა, რომ მივაწოდოთ, გადავცეთ და ასე შემდეგ, თუ ვთქვათ ვერ, ან არ გაეცნო კენჭისყრის შენობაში შესვლისას პოსტერს, რომელზეც ინსტრუქცია დეტალურად იქნება წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს არ გადაეცემა ბიულეტენი, ვიდრე არ მოახდენს სატესტო წრის გაფერადებას. რისკის მართვის მიზნით, ბიულეტენზე საწყის ნაწილში დავიტანეთ ინსტრუქცია და საცდელი წრე, რომლის გაფერადების გარეშე ამომრჩეველს არ გადაეცემა ბიულეტენი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქვე, უშუალოდ პროცესში, ამომრჩეველი თავად მოახდენს შესაბამისი წრის გაფერადებას. საუბარია სატესტო წრეზე, რის შემდგომაც მას გადაეცემა ბიულეტენი, ჩარჩო ფორმა და მიბრძანდება საარჩევნო კაბინაში, სადაც ის ფარულობის სრული დაცვით უზრუნველყოფს მისთვის სასურველი სუბიექტის წინ არსებული წრის გაფერადებას.

გარდა ამისა, ამ პროცესს ადმინისტრირებას უწევს კომისიის 17 წევრი, საიდანაც რვა არის პროფესიული ნიშნით არჩეული, ხოლო ცხრა არის შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მხოლოდ თავმჯდომარეზე ხდება ხოლმე ისრების გადატანა, მაშინ, როდესაც 17 წევრისგან შედგება ყველა დონის კომისია, საუბნო, საოლქო და ცენტრალური. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიებში არის მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა და პროცესი არის ინკლუზიური. იმიტომ, რომ 9 წევრი არის შესაბამისი პარტიების მიერ დანიშნული, საიდანაც ერთი წარმოადგენს მმართველ პარტიას, ხოლო 8 დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებებს.

რაღაც აშშ-დან არის აღებული, რაღაც ბელგიიდან, რაღაც ალბანეთიდან, კანადიდან და რაღაც სხვა ქვეყნებიდან. ჩვენთან შექმნილია ისეთი მოდელი, რომელიც დაცულია კიბერსაფრთხეებიდან. იმიტომ, რომ არ ხდება ინტერნეტის გამოყენება, მოწყვლადობა კიბერსაფრთხეებთან მიმართებით ფაქტობრივად, არ არსებობს და ნულის ტოლია. გარე ქსელთან, ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული არც ვერიფიკაციის აპარატი და არც ხმის მთვლელი აპარატი. ერთადერთი, სადაც ინტერნეტის კომპონენტი იქნება გამოყენებული, ეს არის შედეგების გადაცემა პლანშეტებში, რომელიც არის აბსოლუტურად იზოლირებული პროცესი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები