ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამეფო ნაციონალური ბალეტის – „ფოცხიშვილების“ სოლო კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის – „ამღერებული მუზეუმის“ – ფარგლებში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
„თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ ინფორმაციით, კონცერტზე შესრულდა ქართული ქორეოგრაფია, რამაც მაყურებლის დიდი ოვაციები დაიმსახურა.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, სამეფო ნაციონალური ბალეტი „ფოცხიშვილები“ ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით 2023 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ხალხური სიმღერის გაკვეთილები და ფოლკლორული კონცერტები მუზეუმში ყოველთვიურად იმართება. პროექტ „ამღერებულ მუზეუმს“ ხალხური სიმღერის კონცერტებსა და გაკვეთილებთან ერთად, ქართული ცეკვაც დაემატა, რაც ღია ცის ქვეშ მუზეუმს ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ინფორმაციისთვის: 60-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ანსამბლ „ფოცხიშვილების“ ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი გახლდათ. 1963 წლიდან მოყოლებული, მისი ხელმძღვანელობის პერიოდშიც და დღესაც, ანსამბლი მთელ მსოფლიოში მართავს კონცერტებს, ავითარებს ქართულ ქორეოგრაფიას და ემსახურება ქართულ კულტურას. „ფოცხიშვილები“ აერთიანებს სასწავლებლებს – „ფოცხიშვილების ცეკვის აკადემიასა“ და ცეკვის სტუდია „პატარა ვარსკვლავებს“; სასწავლებლებში ასევე დიდი წარმატებით საქმიანობენ და მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას ასწავლიან. 2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეის საფუძველზე ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერია გელა ფოცხიშვილი, ხოლო ანსამბლის მთავარი ბალეტმაისტერია მაია კიკნაძე. აღსანიშნავია, რომ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ წარმატებით მონაწილეობდა 2023 და 2024 წელს ლევილის ქართულ ფესტივალში.
„დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა და მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. ანსამბლი აქტიურად საქმიანობს საქართველოსა და უცხოეთში. 2015 წელს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ნომინაციაში „ახალი თაობა“, ანსამბლს გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი. საგულისხმოა, რომ ანსამბლი მონაწილეობდა 2024 წელს ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება ანსამბლების ერთობლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მაყურებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამის შეთავაზებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.