ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა

ცესკო-ს ინფორმაციით, დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო.

მათივე ცნობით, სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.

ცესკოს ინფორმაციით, სამწუხაროდ აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები.

“საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს. რა თქმა უნდა, პროცესზე დასწრების და დაკვირვების საშუალება აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს ტრენინგის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე. ამ შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი და დღეს დაწყებულ ტრენინგების პროცესს აკვირდებიან როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული წევრები. რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას, თუმცა ამ დროისთვის ყველა უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ტრენინგის მიმდინარეობას.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი დღეს ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მათ არა საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ უბრალოდ კანონი არ აძლევთ პროცესზე დასწრების უფლებას. ამასთან, დღეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტი ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნითაც იქნა გამოყენებული. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა. სრულიად უარგუმენტოდ ამ ბრალდების გაჟღერება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების, ისე საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი ყველა ჩართული მხარის მიერ იქნება ხელშეწყობილი და არ გახდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო, ხმაურიანი და დისკრედიტაციული  ბრალდებების საგანი.

დასასრულს გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესთავაზა ტრენინგი, თუმცა სამწუხაროდ უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები