პიტერ სტანო – პუტინის განცხადება ევროკავშირის პოზიციას არ შეცვლის, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას აგრძელებს

პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის აგრძელებს უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყების პრესსპიკერი, პიტერ სტანო პუტინის განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენების ნებართვას მისცემენ, ეს იქნება ნატოს ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობა.

პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი აგრძელებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე დისკუსიას. მისი თქმით, ამ თემაზე ევროკავშირის საერთო პოზიცია არ არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

„პუტინი მუდმივად აკეთებს ცრუ კომენტარებს და ფაქტი არის ის, რომ მან დაიწყო ომი უკრაინაში და ამით ის ასევე თავს დაესხა ყველა ევროპულ და დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანას. ის არამხოლოდ თავს ესხმის უკრაინას, ის თავს ესხმის ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებისაც ჩვენ გვჯერა, ის თავს ესხმის საერთაშორისო სამართალს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ის არღვევს გაეროს წესდებას.

ასე რომ, მან დაიწყო ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ და უკრაინა არის საკმარისად მამაცი, რომ იბრძოლოს ამ ომში თავისი ხალხითა და თავისი სისხლით, რისთვისაც ის იხდის უმაღლეს საფასურს. რა თქმა უნდა, რასაც ის ამბობს, არ შეცვლის ჩვენს პოზიციას მანამდე, ვიდრე ის აგრძელებს ამ უკანონო აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო გზით. წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება და ჩვენ ვხედავთ ამ დისკუსიების შედეგებს შეზღუდვების მოხსნის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების სახით. ამ საკითხზე ევროკავშირის საერთო პოზიცია არ არის. რა თქმა უნდა, თუ რა პირობებით მოხდება იარაღის გამოყენება, იმ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ვინც იარაღს აწვდის უკრაინის თავდაცვას“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები