ვახტანგ ცინცაძე: 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2024 წლის აგვისტოში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 641.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ექსპორტის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, რის შედეგადაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.2 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიანიშნებს, რაც დასტურდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით – მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც, ერთი მხრივ, მიმართულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და გაუმჯობესებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები