ღაზას სექტორში ისრაელის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა ორი ჯარისკაცი
ღაზას სექტორის რაფაჰის რაიონში დაშვების დროს, ისრაელის თავდაცვის არმიის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა,- ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ვერტმფრენით დაჭრილი ებრაელი ჯარისკაცის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ხდებოდა. შედეგად „ცაჰალის“ ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარის ზუსტი მიზეზები დგინდება. წინასწარმა მოკვლევამ დაადგინა, რომ ვერტმფრენისთვის ხმელეთიდან ცეცხლი არავის გაუხსნია.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო შვიდმა ჯარისკაცმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.