“ერმილე გიგიაძის გარდაცვალება არის გაგრძელება იმ კამპანიისა, რასაც „მონა, მონას“ ძახილი ჰქვია” – ბითაძე
“ერმილე გიგიაძის გარდაცვალება ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევაა, რომელმაც მე პირადად ძალიან შემძრა და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გაგრძელება იმ კამპანიისა, რასაც „მონა, მონას“ ძახილი ჰქვია, რამაც დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთთან და სწორედ ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა მათ არ აპატიებს არასდროს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მათ თუ არ აქვთ ლიტერატურა წაკითხული და არ აქვთ ცოდნა, რას ნიშნავს სტიგმატიზაცია და რას ნიშნავს დემოკრატია, კარგად გაერკვნენ.
როდესაც ადამიანების ბულინგით ვართ დაკავებულები, ადამიანის სტიგმატიზაციით, შეურაცხყოფით ვართ დაკავებულები, ეს არის სწორედ ის, რასაც ევროკავშირი ებრძოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ეს არის სწორედ ის, რასაც დღეს ფაშისტურ გერმანიას ვუწოდებთ და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარი აქტივისტების მეშვეობით ამის დანერგვას ახორციელებს. ამ შედეგამდე რამაც მიგვიყვანა, სწორედ ამ აქტივიზმის შედეგია.
შემთხვევის შემდეგ მალევე ვხედავთ, რომ უცებ იშიფრება, თუ ვინ არის ის კონკრეტული ადამიანი, ვინც არ ინდობს მეორე ადამიანს და ყველას თვალწინ აღვივებს იმას, რასაც თანამედროვე ფაშიზმი ჰქვია. საუკეთესო ფაშისტური და კომუნისტური მეთოდებით”, – აღნიშნა ბითაძემ.