ვენეციის კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის – ,,ანტიკვარიატის” პრემიერა გაიმართა

6 სექტემბერს ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის – „ანტიკვარიატის” – პრემიერა გაიმართა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული ცენტრის,  ფილმის შემოქმედებითი გუნდისა და არაერთი მხარდამჭერის ძალისხმევის შედეგად, ვენეციის ფესტივალმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება ფილმის ჩვენებების (28 და 30 აგვისტო) გაუქმებასთან დაკავშირებით და ფილმის პრემიერა საბოლოოდ 6 სექტემბერს გაიმართა. მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პრემიერა სავსე დარბაზში წარიმართა. დამსწრე საზოგადოება ფილმს მხურვალე ტაშითა და დიდი ემოციით შეხვდა.
„რუსუდან გლურჯიძის 2024 წლის ნამუშევარი აღწერს 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასობრივ უკანონო დეპორტაციას; ფილმი ასევე მოგვითხრობს ქართველი მიგრანტების იმედებსა და მისწრაფებებზე უცნობ სამყაროში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს საქართველომ სტრასბურგის ადამიანების უფლებების სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოიგო დავა და დაამტკიცა რუსეთის ბრალეულობა ქართველი მიგრანტების მიმართ. ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმის ჩვენების აღდგენა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს და მტკიცედ იცავს საქართველოს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს ფილმის შემოქმედებით ჯგუფს წარმატებულ პრემიერას და უსურვებს დიდ წარმატებებს”, – ნათქვამია იბფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები