ეროვნულ გალერეაში მუზეუმებიდან 1993-2010 წლებში გატანილი და ახლახან დაბრუნებული ექსპონატების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2021-2023 წლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებისათვის დაბრუნებული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ექსპონატები 1993-2010 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, ასევე სამინისტროებსა თუ უცხო ქვეყნის ორგანიზაციებში იყო გატანილი, ნაწილი კი XX საუკუნის 80-90-იან წლებში ხელწერილების საფუძველზე თავად ავტორებმა გაიტანეს მუზეუმებიდან დროებითი გამოფენებისთვის თუ სხვა მიზეზებით.
მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, ეროვნულ მუზეუმს 2021 წლამდე მათი დაბრუნება არ მოუთხოვია, რის გამოც, არაერთი ექსპონატი დღეისათვის დაკარგულად ითვლება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დაბრუნება კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წამოწყებული მიზანმიმართული პროცესის შედეგია. 2021 წლიდან დაბრუნებული ნამუშევრები წლების შემდგომ პირველად იხილა დამთვალიერებელმა. დაბრუნებული ექსპონატებიდან გამოფენილია 60-მდე ნამუშევარი.
„სამუზეუმო ფონდებში დაბრუნდა სერგო ქობულაძის, ელენე ახვლედიანის, ედმონდ კალანდაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის, გივი თოიძის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ზაზა ბერძენიშვილის, ზაურ გოლავას, თამაზ კაკაბაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, თემო ჯაფარიძის, ოთარ სულავას, მედეა ბაქრაძის, ვაჟა მელიქიშვილის, ნოდარ თოფურიას, სიმონ გირკელიძის, ნელი ალექსიძის, თენგიზ ცხონდიას, ომარ კაჭკაჭიშვილის, გურამ ნავროზაშვილის, გრიგოლ ჩირინაშვილის, შოთა ლეჟავას, ზაურ დეისაძის, კოტე ჭანკვეტაძისა და გელა მანჯავიძის ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის რუსული აკადემიური სკოლის წარმომადგენელი უცნობი მხატვრის მიერ XVIII საუკუნის მიწურულს შექმნილი ნატურმორტი, რომელიც ხელოვნების მუზეუმმა 1930-იან წლებში შეიძინა, როგორც ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენისათვის მიკუთვნებული ფერწერული ნამუშევარი. ნახატი 1994 წელს ხელოვნების მუზეუმზე ყაჩაღური თავდასხმისას გაიტაცეს და მისი დაბრუნება მხოლოდ 2023 წელს მოხერხდა.
ასევე, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა გრიგორი გაგარინის, ლევ ლაგორიოს, კარლ ჟუკოვსკის, ევგენი ლანსერესა და ბორის ფოგელის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, რომლებსაც საქართველოსათვის უდიდესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხატვრული მნიშვნელობა აქვს. ეს ნახატები 18 წლის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით დაუბრუნდა ეროვნულ გალერეას რუსეთის ფედერაციის სამხატვრო აკადემიიდან.
მუზეუმებიდან ექსპონატების ალტერნატიულ სივრცეებში გატანა დროებითი გამოფენის გამართვის ან სხვა მიზნით დასაშვებია, თუკი ეს მიზნად ისახავს ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის წარმოჩენას, დაინტერესებული მხარეებისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, თუმცა ზემოხსენებული ნამუშევრების მუზეუმებიდან გატანის ვადები დარღვეული იყო და მათ მოსაძებნად და მდგომარეობის შესასწავლად ეროვნულ მუზეუმს მონიტორინგი არასდროს განუხორციელებია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის ნახვას საზოგადოება 15 სექტემბრის ჩათვლით შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები