საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი – ნიკო ჭავჭავაძე გარდაიცვალა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საფრანგეთში ნიკო მიხეილის ძე ჭავჭავაძის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„დღეს ლევილის ქართული სასაფლაოს მიწამ მიიბარა საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი, გამორჩეული პიროვნება და არაერთი ქართველი ემიგრანტის დამხმარე და მეგობარი, ქართული კულტურის საფრანგეთში პოპულარიზაციის მხურვალე მხარდამჭერი ნიკო მიხეილის ძე ჭავჭავაძე (დაბ. 1933 წ.).
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ლევილის მემორიალურ-ისტორიული მუზეუმი მწუხარებას გამოხატავენ ნიკო ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებენ მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.
სექტემბერში ლევილის მემორიალურ-ისტორიული მუზეუმის თაოსნობით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს, საგანგებოდ აღინიშნება ნიკოლოზ და მიხეილ ჭავჭავაძეების, ნოე და ვიქტორ ხომერიკებისა და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი სხვა თავდადებული ქართველების წვლილი, ხოლო ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგონ ნიკო ჭავჭავაძის ხსოვნას, რომელიც ჭავჭავაძეებისა და ხომერიკების დიდი ოჯახის წევრი და სხვა ღვაწლმოსილი ქართველების საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.