გივი მიქანაძე: უმცირესობამ არ უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა უმრავლესობაზე
“არ ვზღუდავთ, ან რაიმე ფორმით ვლახავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას – გამოხატვის იქნება ეს თუ რაიმე ფორმით მისი უფლებრივი შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, უმცირესობამ არ უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა უმრავლესობაზე პროპაგანდის მეშვეობით”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებას.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ საქართველო და ქართული ხელისუფლება პირველ რიგში აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რა არის ღირებული ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
„კარგად არის ცნობილი, რომ ამ ინიციატივის განხილვას ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილიდან ლეგიტიმაცია. ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ საქართველო და ქართული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერაა არჩეული, პირველ რიგში აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რა არის ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. არ ვზღუდავთ, ან რაიმე ფორმით ვლახავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას, გამოხატვის იქნება ეს თუ რაიმე ფორმით მისი უფლებრივი შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, რომ უმცირესობამ არ უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა პროპაგანდის მეშვეობით უმრავლესობაზე“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლების მიმართ მოწოდებაა, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტს გადახედონ.