ეროვნულ გალერეაში მიხეილ იაშვილის 70 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა მიხეილ იაშვილის საიუბილეო რეტროსპექტული მასშტაბური გამოფენა – „მიშა იაშვილი 70“.
გაიმართა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მხატვრის ნამუშევრების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგის პრეზენტაციაც.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 50-მდე სხვადასხვა ჟანრის ნამუშევარი, რომელთა ნახვა დამთვალიერებელს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში დაბრუნდა მიხეილ იაშვილის ექვსი ნამუშევარი (ფერწერა, კოლაჟი), რომლებიც მხატვრის სიცოცხლეში იყო გერმანიაში გაგზავნილი საექსპოზიციოდ და იქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩა. ეს ნამუშევრები პირველად გამოიფინა.
მიხეილ იაშვილმა მონაწილეობა მიიღო 160-მდე რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაში. მისი ნამუშევრების ექსპოზიციები მოეწყო გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, იტალიაში, იაპონიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, მალტაზე, საფრანგეთსა და ეგვიპტეში. მათ შორის იყო 16 პერსონალური გამოფენა.
მე-20 საუკუნის 80-იანი წლებში ასპარეზზე ჩნდება მხატვართა თაობა, რომელიც ფორმითა თუ შინაარსით ქართულ ხელოვნებაში ახალ ეტაპს ამკვიდრებს. მივიწყებული ისტორიული თუ რელიგიური თემები, მხატვრულ ფორმათა ახლებური ინტერპრეტაცია, ინტენსიური, ინდივიდუალური შემოქმედებითი ძიებები – ასეთია ამ პერიოდის ქართული მხატვრობის მახასიათებლები.მიხეილ იაშვილი თავისი თაობის გამორჩეულად ქარიზმატული ხელოვანია. იგი 1979 წელს ამთავრებს სამხატვრო აკადემიას. 1981-1983 წლებში უჩა ჯაფარიძის შემოქმედებით სახელოსნოში ირიცხება. 1989-1999 წლებში ის საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, 90-იან წლებში – მხატვართა კლუბ „ფიროსმანის“ პრეზიდენტი, 2009-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიის მიწვეული პროფესორი.
„მხატვრის ბიოგრაფია მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი არა მარტო საინტერესო შემოქმედი, არამედ საქართველოში თუ საზღვარგარეთ უამრავი პროექტისა და გამოფენის ორგანიზატორია. დღესასწაულებად ახსოვთ მის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მიუვალ სოფელში, ძველი თბილისის ეზოებში დაგეგმილი თუ სპონტანურად გამართული ღონისძიებები. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მიშა იაშვილი იყო საოცარი ენთუზიასტი, გამორჩეულად მიზანდასახული, რაიმე იდეის განსახორციელებლად შეუპოვარი და, ამასთანავე, გამოუსწორებელი რომანტიკოსი.
მრავალფეროვანია მისი შემოქმედება. ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟები, განსხვავებული სტილი, ექსპერიმენტები… – ყველაფერი მხატვრის განუმეორებელ სამყაროს ასახავს და ყველგან უცნაურად მომნუსხველი მუხტი იგრძნობა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები