„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების – ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!“, – ნათქვამია განცხადებაში.