დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია
,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, საზოგადოება საკონსტიტუციო უმრავლესობას მიანიჭებს და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით შევა „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობა” წაგებულ მდგომარეობაშია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, როდესაც ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაუმზადებს მას განაჩენს, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს, იყოს საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციის მცდელობა და შედეგს კითხვის ნიშანი დაესვას. ამ ყველაფერზე პასუხი არის ის, რომ საზოგადოებამ საარჩევნო დღეს დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინოს და ჩვენს სამშობლოს, უწყვეტ მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ პოლიტიკას ალტერნატივა არ შეუქმნას. ეს იქნება „ქართული ოცნების“ ისეთი გამარჯვება, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობას მიანიჭებს მას და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით შევა „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.