“ლაშა ბაქრაძის განცხადება ამორალურობაა და პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს, ასეთ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ” – მდინარაძე
“ლაშა ბაქრაძის განცხადება ამორალურობაა და პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს, ასეთ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ხანდახან სახის შენარჩუნებას ცდილობენ ხოლმე და ამიტომ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ რაღაცას იკადრებდა ვინმე. პრინციპში, ეს პროვოკაციის ნაწილიც არის. მარტო ის არ არის, რომ წარმოუდგენელი ხარისხის არაკაცობა, უზრდელობაა და ამორალურობაა, არამედ ამავდროულად, პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს, რადგან ვიღაცამ შეიძლება სადღაც მართლაც რაღაც მიაძახოს ან ამის გამო ვიღაც ფიზიკურად შეეხოს. ყველას მოვუწოდებ, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციაზე, დავგმოთ სასწრაფოდ და დავგმობთ კიდეც. წინასწარაც ვეუბნები ყველას, ასეთ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ და არ უნდა წამოვეგოთ, მაგრამ სიტყვით ყველა ვარიანტში პასუხი უნდა გავცეთ, რადგან მსგავსი ამორალურობა, არაკაცობა ბუნებაში არ არსებობს. ცოტა დაფიქრდეს ყველა, ვიდრე ლაპარაკობს. პროვოკატორები არიან ჩვეულებრივი და ასრულებენ დავალებას, რომ ახლა რაც შეიძლება უზრდელები უნდა იყვნენ, იქნებ ვიღაც პროვოკაციაზე წამოაგონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.