ახალგაზრდა ქართველი ფერმწერის – ალექსანდრე ვაშაყმაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება
7 სექტემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი ფერმწერის, ალექსანდრე ვაშაყმაძის პერსონალური გამოფენა „EXODUS/ გამოსვლა“ გაიმართება..
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ალექსანდრე ვაშაყმაძე ახალგაზრდა ქართველი ფერმწერია, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს ევროპის არაერთ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებსა და ფესტივალებში იღებს მონაწილეობას. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ იგი ხელოვნების სამყაროს აქტიური მოღვაწეა.
„ხელოვანის შთამბეჭდავი პორტფოლიო მოიცავს არაერთ საინტერესო გამოფენასა თუ ჯილდოს: სამგზის მიწვეულ იქნა ფლორენციის ბიენალეზე, ჰქონდა გამოფენა ლუვრის მუზეუმში, განსაკუთრებული ხელწერითა და ფერების ოსტატური შეზავების დამსახურებით შეძლო დაინტერესება ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის, სადაც სოციალურ პლატფორმებზე პოპულარიზაცია გაუწიეს მის ნამუშევრებს. მიიწვიეს ლონდონის, ნიუ-ორკისა და იტალიის სხვადასხვა პრესტიჟულ გალერეებსა და მუზეუმებში.
მისი ნამუშევრები ინახება კანადის ოქროს კომპანიის Yamana Goldi-ს, პირად კოლექციაში, მისმა შემოქმედებამ ასევე შთააგონა ამერიკელი პოეტი, მწერალი – Dean C Garden, რომელმაც მისი ნამუშევრებით გაფორმებული 10-მდე წიგნი გამოსცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.