“გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით” – “საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს მიმართავს
“ძვირფასო მგზავრებო. გაცნობებთ, რომ, ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი”, – ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
მათი ცნობით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
“იმავე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – წერია ინფორმაციაში.