კულტურის სამინისტრო ცნობილ მომღერალს – თეიმურაზ (თემურ) ჭკუასელს 80 წლის იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო ცნობილ მომღერალს, თეიმურაზ (თემურ) ჭკუასელს, 80 წლის იუბილეს ულოცავს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს თეიმურაზ ჭკუასელს იუბილეს, უსურვებს დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს.
თეიმურაზ (თემურ) ჭკუასელი დაიბადა 1944 წლის 1 სექტემბერს თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1976-1979 წლებში იგი იყო ხალხური მუსიკისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი. 1980-1992 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი, განყოფილების გამგე და მთავარი რედაქტორი.
1986 წელს თემურ ჭკუასელმა დააფუძნა ანსამბლი „ქართული ხმები“ და იყო მისი სოლისტი.
1994-2003 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი.
2012-2020 წლებში იყო საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.
1999 წელს თემურ ჭკუასელი ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მას მიღებული აქვს ნიკო ნიკოლაძის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები.