ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, კონსტრუქტორებისა და არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფის მონაწილეობით გრძელდება ალავერდის ტაძრის გუმბათის სტრუქტურის კვლევა, რის საფუძველზეც შემუშავდება ჯვრის აღმართვის პროექტი.

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საჭირო გახდა გადახურვის ზედა ნაწილის გახსნა. სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ჯვრის დასამაგრებელი ხის კონსტრუქციები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს.

სამონასტრო კომპლექსში გრძელდება საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოებიც.

ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი გადახდილია, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.

ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა გაიგზავნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.

7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაურს სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები