ბიძინა ივანიშვილი: უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ
“უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
“უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ, რათა საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის აკეთებდეს.
ამიტომაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს!
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, „ქართულ ოცნებას” ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის.
და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.
ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა.
სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას” სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები – დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი.
გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ.
ძვირფასო გურულებო!
თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს!
ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.