ეროვნული გალერეა ფელიქს ვარლამიშვილის, ვერა ფაღავას, ვანო ენუქიძისა და მიხეილ ბილანიშვილის ერთობლივ გამოფენას უმასპინძლებს
6 სექტემბერს 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ემიგრანტი ხელოვანების – ფელიქს ვარლამიშვილის, ვერა ფაღავას, ვანო ენუქიძისა და მიხეილ ბილანიშვილის ერთობლივი გამოფენა – „სამშობლოს მიღმა“ გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან წასული ოთხი მხატვრის შემოქმედება. ისინი ემიგრაციაში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, როგორც ფრანგი ხელოვანები. არცერთი მათგანი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პარიზში. დასავლური კულტურა იმ დროისთვის ძიების პროცესში იყო, რაც მათ შემოქმედებაზეც აისახა, თუმცა ერთ მხატვრულ სივრცეში ჩამოყალიბებული ოთხი ხელოვანის შემოქმედება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ნამუშევრები თავმოყრილია ქართული და ევროპული კერძო კოლექციებიდან.
გამოფენა 3 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.