დღეს საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ბეჟან შველიძის, 95 წლის იუბილეა
დღეს საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ბეჟან შველიძის, 95 წლის იუბილეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბეჟან შველიძეს საიუბილეო თარიღს, მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.
ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხატვრის ნამუშევრებში მისი თანამედროვე ყოველდღიური ყოფაა ასახული.
ბეჟან შველიძე 80-იან წლებში ხშირად მონაწილეობდა გამოფენებში სხვადასხვა მხატვართან ერთად. პირველი პერსონალური გამოფენაც სწორედ ამ პერიოდში გამართა. აღსანიშნავია, რომ მისი შვილებიც მხატვრები არიან და ხშირად მართავდა გამოფენებს შვილებთან – ლია და მურთაზ შველიძეებთან ერთად.
ბეჟან შველიძის ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სამხატვრო გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციაში.
ბეჟან შველიძე არის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატი.